რუსთავის მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
პროექტი 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
ინფორმაციისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს არალს შორის ხელშეკრულება 24 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, რუსთავში, აზიის განვითარების ბანკის დონორობით, ახალი სპორტკომპლექსი შენდება. პროექტის ღირებულება ჯამში 20 მილიონ ლარამდეა.
ორსართულიანი დახურული ტიპის სპორტული კომპლექსი 1500 მაყურებელზეა გათვლილი და მასში სპორტის სხვადასხვა სახეობის, კერძოდ, კრივის, კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის დარბაზები მოეწყობა.
შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს: გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი ოთახებისა და სველი წერტილების მოწყობა. იქვე განთავსდება ღია კაფე, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომელთა გასწვრივაც გარე განათების ლამპიონები დამონტაჟდება. მოხდება ტერიტორიის გამწვანებაც.
მშენებლობა ერთი თვის წინ დაიწყო და 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.