ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დღეს, 20 ივლისს სრულდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება.
დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია.
როგორც ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ ცხრილში ვკითხულობთ, დამატებითი სესიები რუსთავის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული ხუთი აბიტურიენტისთვის დაინიშნა. შესაბამისად ქართულ ენასა და ლიტერატურაში 21 ივლისს, ხოლო უცხოურ ენაში 25 ივლისს, ორივე სესია 14:00 საათზე დაიწყება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 25 საგამოცდო ცენტრი.
2021 წლის გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.