ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა.

​„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მოსარგებლეების გარდა, შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები შეძლებენ:

  • საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება, შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც იმყოფება საქართველოში და მისი შემოსვლიდან გასულია მინიმუმ სამი თვე;
  • სახელმწიფო პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები;
  • საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერეხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;
  • საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოსახლეობა მოქალაქეობის მიუხედავად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინასებულ პროექტებში მომუშავე პირები და მათი ოჯახის წევრები.
  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.
  • №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი,მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, პირებმა ვაქცინაციის მიზნით უნდა მიმართონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ამცრელ დაწესებულებას და წარუდგინოს პირველი მუხლით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.