მარნეულის პედიატრიული კლინიკა კოვიდცენტრად გადაკეთდა- საწოლფონდის რესურსი რეგიონში

მარნეულის პედიატრიული კლინიკა კოვიდცენტრად გადაკეთდა და სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდპაციენტებისთვის დამატებით 25 საწოლი მობილიზდა. ამის შესახებ TV4-ს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კოორდინატორმა, თეა ბაკაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, სხვა შემთხვევაში საწოლფონდის რესურსი ჯერჯერობით არ გაზრდილა. ქვემო ქართლის რეგიონში 400 სტაციონარული ადგილია მობილიზებული, რომელთაგან 90-მდე თავისუფალია. მხარეში ჯამში ცხრა კოვიდკლინიკა ფუნქციონირებს. გამოყოფილია სატრიაჟო ადგილებიც იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აქვთ და გამოკვლევის შედეგებს ელოდებიან.

დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა პედიატრიული საწოლების გაფართოებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის უწყება ყოველდღიურად, დაახლოებით, 300 საწოლს ამატებს იმ საავადმყოფოების ხარჯზე, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს.

მინისტრის განცხადებით, დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა და არცერთი ბავშვი ექიმის მომსახურების გარეშე არ დარჩება.

“ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ დაახლოებით 300 საწოლს ვამატებთ იმ საავადმყოფოების ხარჯზე, რომელიც საქართველოში უბრალოდ არსებობს. რაც შეეხება დამატებით ინსტრუმენტს, თქვენ იცით, რომ მეორე ტალღის დროს ჩვენ ეფექტურად გამოვიყენეთ სასტუმროები და დღესდღეობით, ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ მათ უნდა გააკეთო მობილიზაცია სასტუმროების საწოლფონდის, იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ადეკვატურად პაციენტების მართვა. ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს, ყველა არის ჩართული.

მხოლოდ დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა. არც ერთი ბავშვი არ დარჩება ექიმის მომსახურების და კლინიკის გარეშე, რომელსაც ესაჭიროება ექიმის და კლინიკის დახმარება.“ – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.