მარნეულში ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული პირი ხულიგნობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულმა მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ნაცნობს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, ამავე ნაცნობის  დედას დაუპირისპირდა. მომხდარი დაპირისპირებისას ბრალდებულმა ქალს  ცივი იარაღის გამოყენებით ხელის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულს სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობა გაეწია, რის შემდეგაც იგი კლინიკიდან გაეწერა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.