პრემიერ-მინისტრი: პრეზიდენტ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია, როგორ ვასრულებთ ვალდებულებებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები საქართველოში, ბათუმში. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ასევე, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები გვეწვია. ჩვენ დღეს ერთობლივად განვიხილავთ ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თანამშრომლობას, ასევე იმ საკითხებს, რომლებიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში.

ასევე, მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშლთან. პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს. ჩვენი მხრიდან ყველა ვლდებულება შესრულდა, სრულდება ის პირობები, რომლებიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ, სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც ძლიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად სიტუაციის დამშვიდებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, “ქართული ოცნება” მობილიზებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაქსიმალურად მშვიდ გარემოში ჩატარდეს და პროცესი გამჭირვალე იყოს.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც ესაუბრა.

„შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და ტრანსფარენტული. ასევე პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდითა და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის მიეცეს საშუალება ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის.

ამასთან, მქონდა საუბარი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ და რომ გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან. ვუთხარი, რომ ვართ მოწადინებული, მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.