დელტა შტამის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს უდიდეს ნაწილში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი იზრდება, რაც ცხადყოფს, რომ პანდემია არ სუსტდება,- ამის შესახებ “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვიმინატანმა Bloomberg Television-თან ინტერვიუში განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაციის ფონზე დაავადების მძიმედ მიმდინარეობისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იკლებს, მსოფლიოს დიდ ნაწილს სასუნთქი აპარატებისა და საავადმყოფოებში საწოლების პრობლემა აქვს, ასევე სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს ებრძვის.
“გასული 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით 500 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაახლოებით 9 300 ადამიანი გარდაიცვალა – ამაზე ვერ ვიტყვით, რომ პანდემია შენელებულია”,- თქვა სვიამინთანმა.
მისივე თქმით, ის რომ ყველა დაცულია და ცხოვრება ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება, საშიში აზრია.
WHO-ს მიხედვით, შემთხვევების ზრდის ძირითადი მიზეზი დელტა შტამი, მსოფლიოში ვაქცინაციის ნელი ტემპი და უსაფრთხოების ზომების (პირბადეების და სოციალური დისტანციის) უგულებელყოფაა.
WHO ქვეყნებს მოუწოდებს, რეგულაციების მოხსნის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ.