რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა კოვიკლინიკებსა და ვაქცინაციის ცენტრებში, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, დავით ბეგაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ქალაქის პირველი პირი მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესს და კლინიკებში, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოში, არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ქალაქის მერი მარდალეიშვილის კლინიკაში, ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მხარის რწმუნებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ქალაქის პირველი პირი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის შემდეგ, ცენტრალურ და ბავშვთა საავადმყოფოებში, რუსთავის მედიცინის სახლში და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში იმყოფებოდა.
„რუსთავის კლინიკებში აბსოლუტურად ყველა საწოლი დაკავებულია, პაციენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ყველა ვთანხმდებით, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაქცინაციას ალტერნატივა არა აქვს. მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, რომ მიიღონ ეს გონივრული გადაწყვეტილება და ჩაიტარონ ვაქცინაცია. ქალაქში უკვე არის იმის ფუფუნება, რომ რეგისტრაციის გარეშეც მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა“, – განაცხადა რუსთავის მერმა.