ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ რესტორნებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ, სხვა გადაწყვეტილებებიც იქნას მიღებული.
„დღეს საბჭომ მიიღო კონსენსუსით იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც მოგახსენეს რესტორნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იყო სერიოზული მსჯელობა ბევრ სხვა საკითხზე, ამ ეტაპზე მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ სხვა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ყველას გთხოვთ პირბადის ტარებას – 50%-ზე ვართ ამ კუთხით. ყველაზე ძლიერი რეგულაცია გახლავთ პირბადე, ყველამ ვატაროთ პირბადე, წავიდეთ და ავიცრათ.
აგვისტოს ბოლოსთვის ჩვენი პროგნოზია, რომ უნდა გვქონდეს სადღაც, 650 000-დან 700 000-მდე აცრა, რაშიც შევა როგორც პირველი, ისე მეორე დოზით აცრილი. დღეს შესრულდა მილიონი აცრა – არა ადამიანი, არამედ აცრა, აცრილია 700 000-ზე მეტი ადამიანი ერთჯერადად. თუ აგვისტოში გვექნა 650000 – 700 000-მდე აცრა, სერიოზულად შევაკავებთ ეპიდემიას,“ – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან კვების ობიექტები მუშაობას 23:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე შეძლებენ.