როდის შეძლებენ 12 წელს ზემოთ ბავშვები ვაქცინაციის პროცესში ჩართვას?

12 წელს ზემოთ ბავშვების კორონავირუსზე ვაქცინაცია მნიშვნელოვანი საკითხია და აღნიშნულზე ვაქცინაციის კომიტეტი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით იმსჯელებს,- ამის შესახებ  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ორ-სამ კვირაში გახდება ცნობილი.

„ბავშვების აცრა 12 წლის ზემოთ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ჩვენ კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან. ამაზე იმსჯელებს ვაქცინაციის კომიტეტი და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ველოდებით, თუმცა ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიც გახლავთ აშშ-ის წამლის სააგენტო, რომელმაც სრული ავტორიზაცია მიანიჭა „ფაიზერის“ ვაქცინას, ასევე ევროპის მარეგულირებელი, მთელი რიგი ევროპის ქვეყნები უკვე აკეთებენ ამას და ვფიქრობ, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მათი გამოცდილების გაზიარებით. ბუნებრივია, მშობლის გადაწყვეტილებითა და სურვილით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.