ირაკლი ღარიბაშვილი – ვმუშაობთ დამატებით ორი მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე

ჩვენ შემოტანილი გვაქვს მილიონობით ვაქცინა, კიდევ ვამატებთ. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე. ასევე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, რომ განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უახლოეს 10 დღეში ჩატარდება დაახლოებით მილიონი ადამიანის აცრა.

„აქედან ნაწილი ერთჯერადად, ნაწილი კი ორჯერადად აცრილი იქნება. ამ ტემპების შენარჩუნებით, ჩვენ შეგვიძლია, სექტემბრის ბოლოს ორი მილიონი ადამიანი იყოს აცრილი. ვუსმენ რა ჩვენს ექიმებს და სპეციალისტებს, მესმის, რომ შესაძლოა, ერთ მილიონ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ჯამში გამოდის სამი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, საიდანაც ორი მილიონი იქნება აცრილი, მილიონს გადატანილი ექნება კოვიდი. ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სექტემბერი იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, სექტემბერი იქნება რთული პერიოდი. ჩვენ, ყველამ ერთად სექტემბერიც უნდა ჩავამთავროთ, ვაქცინაცია ჩავატაროთ ეფექტიანად, არჩევნები ჩავატაროთ კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენი პროგნოზებით, ოქტომბერი იქნება სტაბილურობის პერიოდი. რაც მთავრია, ეს მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ეკონომიკა არ დავკეტოთ და ათასობით მოქალაქე არ გამოვკეტოთ სახლში შემოსავლის და სარჩოს გარეშე. მინდა, ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობამდე მივიტანოთ, ჩვენი ხედვა ვაჩვენოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.