ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტების შედეგები გამოქვეყნდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით დაიწყო. შედეგების გაგება აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეეძლებათ.

ამისათვის აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.

2 აგვისტოს სრულდება დამატებითი საგამოცდო სესიები. შეგახსენებთ, რომ დამატებითი სესიები დაინიშნა იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. დამატებითი სესიები ჩატარდა შემდეგ საგნებში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენებში, ქიმიაში, ფიზიკაში, ზოგად უნარებში, გეოგრაფიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ბიოლოგიასა და ლიტერატურაში.