უახლოეს დღეებში ოფიციალურად შევთავაზებთ ცესკო-ს თანამშრომლებს ვაქცინაციას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე ცნობით, ხელისუფლების ამოცანაა გამჭვირვალე, თავისუფალი და კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება.
„ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკო-ს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამის შეთავაზებას გავაკეთებთ ოფიციალურად, უახლოეს დღეებში ექნებათ მინისტრს და ჩვენს კოლეგებს შეხვედრა ცესკო-ს ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები. მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკო-ს კომისიის ყველა წევრი შეიძლება, იყოს ვაქცინირებული, აცრილი, ჩვენი კანდიდატებიდან. სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა, მოვუწოდო, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.