NCDC: კვირის ბოლომდე დავაკვირდებით და გავცემთ რეკომენდაციას რეგულაციებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედით სტაბილიზაცია შეინიშნება და ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდი აღარ არის.

„გიდასტურებთ, რომ ოდნავ სტაბილიზაციის ნიშნები არის, მთავარია, რომ ზემოთ აღარ მიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი, რომ დაწესებული შეზღუდვებით მობილობა დაეცა, მეორე – აღსრულება არის ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო, ანუ საზედამხედველო ორგანოები უფრო მკაცრად უდგებიან აღსრულებას. მხედველობაში მაქვს ქორწილები, ქელეხები, დიდი შეკრებები და ყველანაირი სუფრები იკრძალება, შემდეგ მნიშვნელობა აქვს ვირუსის განვითარების ბუნებრივ ციკლს. “, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძის განცხადებით, კვირის განმავლობაში განხორციელდება დაკვირვება ეპიდსიტუაციაზე და შემდგომ გახდება ცნობილი, თუ რა რეგულაციებია საჭირო.

„რეგულაციების გარეშე ცხოვრება ვერ იქნება. გააჩნია, რა ზომის და როგორი რეგულაციები გვექნება. ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავის რეკომენდაციებს შემდგომ გააჟღერებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.