თურნავა: ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდითაა გამოწვეული.

მინისტრის თქმით, დღეს გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლის თანახმადაც 2021 წლის აგვისტოში ადგილობრივი წარმოების ექსპორტი გაზრდილია, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 17,7%-ით.

„საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ტენდენციები საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებაში აისახა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ადგილობრივი ექსპორტის პოზიტიური ზრდის დინამიკა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის პარამეტრებსაც. გაზრდილი ექსპორტი კი ნიშნავს მეტ სავალუტო შემოსავალს, გაზრდის პროდუქტიულობას და სხვ“, – განაცხადა მინისტრმა.