ხანგრძლივი პაემნები ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში გრძელდება

პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივი პაემნების გახსნის პირველივე დღეს  15 ხანგრძლივი პაემანი განხორციელდა. სამსახურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში 20 ხანგრძლივი პაემანია ჩანიშნული.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ხანგრძლივი პაემნები ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების  გათვალისწინებით 27 სექტემბრიდან გაიხსნა.

ხანგრძლივი პაემნის დაგეგმა მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ  მსჯავრდებულებს შეუძლიათ.  რაც შეეხება ვიზიტორებს, მათი პაემანზე დაშვება ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა  და PCR ტესტის საფუძველზე ხორციელდება.

ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესი როგორც მსჯავრდებულებში, ისე თანამშრომლებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე  მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 66% კი რევაქცინირებული.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, თანამშრომელთა  96%  აცრილია, ხოლო 81% რევაქცინირებულია.