დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რთული ეპიდვითარებაა, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები შემცირებულია.
დღეს მძიმე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ, 1500-ზე მეტია, ხოლო ხელოვნური ვენტილაცია 400-ზე მეტ პაციენტს ესაჭიროება.
ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარების ნიშნული ქვეყანაში შემცირებულია და 43%-მდეა ჩამოსული.
“ასეთი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს მთავარი დამცველი საშუალება – პირბადე, რომ ყველამ, 95%-მა მოსახლეობის ატაროს – პირიქით, მოდის ქვევით, რაც ძალიან ცუდია პროგნოზულად. იმიტომ, რომ თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, სხვადასხვა პროგნოზული მაჩვენებლებით, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერ აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია რთულია და რომ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, საჭიროა, რომ ყველამ დავიცვათ ეს რეკომენდაციები – პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და აცრა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.