გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

გიორგი გახარია პარტიის „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

ამის შესახებ  გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას განაცხადა.

„მინდა, თითოეულ ჩემს თანაგუნდელს მივმართო, სიმართლე ერთია და არ არსებობს სხვა სიმართლე. სიმართლეა, რომ დღეს სახელმწიფო, რომელიც მართულია „ქართული ოცნების“ დღევანდელი ბოსებით, ძალადობის საქართველოს მოქალაქეებზე, იმის გამო, რომ მათ გამოხატეს თავისი აზრი პოლიტიკური.

დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სამსახურიდან დათხოვნის რისკის ქვეშ აიძულონ მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება იმისთვის, რომ ადამიანებს აგდებენ სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და ოჯახს ტოვებენ შემოსავლის გარეშე. ამიტომ მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან, სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევს ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა გახარიამ.