დავით კირკიტაძის 100 დღის გეგმა: თითოეულ რუსთაველს გადავცემთ მიწის ნაკვეთებს[ვიდეო]

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ რუსთავში ბრიფინგი გამართა.

ოპოზიციის კანდიდატმა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რუსთავში წინასაარჩვენო გარემოზე გააკეთა განცხადება და რუსთაველებს მისი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი 100 დღის გეგმა გააცნო.

“მინდა რუსთაველებს მივმართო და  გავაცნო ჩემი გეგმა, რას გავაკეთებ პირველი 100 დღის განმავლობაში. კარგად ვიცით, რომ ამ ქალაქში არის ის სოციალური სიდუხჭირე და გაჭირვება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩააყენა ჩვენი მოქალაქეები.  პირველ 100 დღეში,  მე ვპირდები ყველა რუსთაველს, მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა და არჩევანინსა:

დავუკანონებთ ავტოფარეხებს; თითოეულ რუსთაველს სულადობის მიხედვით გადავცემთ 600-900 მეტრა მიწის ნაკვეთებს რუსთავის შემოგარენში და იქ მოვაწყობთ შესაბამის საცხოვრებელ გარემოს, გავიყვანთ წყალს და გაზს, ელექტროენერგიას; ვისაც მფლობელობაში აქვს გარკვეული საკუთრება, რომელიც არ აქვს დაკანონებული, ჩვენ მას გადავცემთ საკუთრებაში;

ეს პრაქტიკა არსებობდა და ნაწილს მიღებული აქვს მიწის ნაკვეთები რუსთავის შემოსასვლელებში. იქ მოვაწყობთ საცხოვრებელ გარემოს, მივიყვანთ გაზს, წყალს, ელექტროენერგიას,  ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას. ყველა რუსთაველს, რომელსაც მფლობელობაში აქვს გარკვეული საკუთრება, რომელიც არ აქვს დაკანონებული, სამეზობლო საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და კორპუსის უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადავცემთ საკუთრებაში. პირველ ას დღეში ყველა რუსთაველს გაუჩნდება კერძო საკუთრება, რითაც ისინი ოდნავ მაინც შეიმსუბუქებენ მძიმე ყოფას.”- განაცხადა დავით კირკიტაძემ.