თბილისის სხვადასხვა უბანში რამდენიმე ბინის გაქურდვისთვის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, 10 სექტემბერს ბრალდებულმა ვარკეთილში მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა უბანში არაერთი ბინა გაქურდა.

მომხდარზე, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია დაკავებული. მისი ბინის ჩხრეკისას, ნაქურდალი და სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.