“მე არ ვიცნობ ამ ადამიანს, მთელი გულით ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, ძალიან სამწუხარო ფაქტია, გამოძიება დაინტერესდება და ალბათ დაინტერესდა კიდეც, არ მაქვს ინფორმაცია და ჩვენი ინტერესიც არის, რომ ძალიან სწრაფად გავიგოთ მიზეზი. “- ასე ეხმაურება “ქართული ოცნებიდან” რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის, ვანო გველესიანის ცემის ფაქტს.
ნინო ლაცაბიძე გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, ინციდენტში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მონაწილეობდეს.
“რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას” და იმას , რომ საარჩევნო კამპანიის დროს ამგვარი სამწუხარო ფაქტები, რომ ერთმანეთს უნდა მივაწეროთ არასწორი ხელწერააა და მაგის იქით არ იციან არაფერი, არ აქვთ გეგმა. არ ესაუბრებიან მოქალაქეებს, რის გაკეთებას აპირებენ მომავალში, როგორ შეიძლება ქალაქი განვითარდეს და მათი სტრატეგია საარჩევნო, სამწუხაროდ, ალბათ არის სამწუხარო ფაქტებზე აგებული.
არ მესმის, რატომ უნდა ვიმართლო ამაზე თავი, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, როგორც ადამიანმა, ვწუხვარ და მინდა ეს ადამიანი ძალიან მალე გამოჯანმრთელდეს. მე გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მხარდამჭერი, ის ადამაიანი, ვინც ჩვენი გუნდის წევრია, ემსახურება რუსთავს , უყვარს ქალაქი და ვამბობთ, რომ ჩვენმა ქალაქმა უნდა იაროს წინსვლისკენ, ამ ტიპის დანაშაულს ჩაიდენდა, ამას გამოვრიცხავ. ჩვენი გუნდი არის მოწადინებული , რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რა რესურსი გვაქვს მთელ გუნდს, რომ ჩვენი ქალაქი გავხადოთ უკეთესი”. – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
შეგახსენებთ, რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, ვანო გველესიანი სცემეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გველესიანს პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ.