რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, ვანო გველესიანი სცემეს [ვიდეო]

რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, ვანო გველესიანი სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულ 55 წლის მამაკაცს, ღამით, საკუთარ სახლთან უცნობი პირი თავს დაესხა.

დაზარალებული რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

ოპოზიცია ამბობს, რომ ვანო გველესიანი პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით სცემეს.

“ის რუსთავის მერიაში მუშაობდა, მან “ქართული ოცნების” მესვეურებს იმ დავალებების შესრულებაზე უთხრა უარი, რასაც ხელისუფლების ადგილობრივი ლიდერები აძლევენ მერიაში დასაქმებულებს.”- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

როგორც TV4-ს რუსთავის კორპუსში განუცხადეს, ვანო გველესიანმა, 15 სექტემბერს დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე ინციდენტში “ქართული ოცნების” მხარდამჭერის მონაწილეობას გამორიცხავს.

როგორც TV4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.