“პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო ხდება”

პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო ხდება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც დასამტკიცებლად განიხილება.

“რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენ თან იძახე შენ, არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია,”- აღნიშნა  თენგიზ ცერცვაძემ.

მოგვიანებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, აცრა ნებაყოფლობითია.

„იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან. გარდა ამისა, სამინისტრო Unicef-თან ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.