გაძვირდება თუ არა პური

საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ პურის ფასი დასტაბილურდა და სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში პურპროდუქტის ღირებულება დაბალია.

„მას შემდეგ, რაც სუბსიდირება დასრულდა, ფქვილის ფასი დაფიქსირდა 60-62 ლარის ფარგლებში, მაშინ მოხდა 10-თეთრიანი მატება პურზე. ამის შემდეგ ასე სტაბილურად მოდის ეს ფასი და ჯერჯერობით არ შეცვლილა. დღეს საქართველოში პურის ფასი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია.

პურის ფასი შედგება ბევრი კომპონენტისგან – მათ შორის, ფქვილის ღირებულება, სატრანსპორტო ხარჯები, ენერგომატარებლები, მუშახელის ხელფასი და მთელი კალკულაციაა აქ. ეს ყველაფერი გაძვირებულია. ჩვენ მაქსიმალურად ვაკეთებთ იმას, რომ პურის ფასი შედარებით დავიჭიროთ. ზარალზე არც ერთი საწარმო არ იმუშავებს, მაგრამ ფასი დაჭერილია მინიმალური მოგების ხარჯზე.”- აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მისივე თქმით, პროდუქტზე ფასი შესაძლოა გაიზარდოს, თუ სახელმწიფო გარკვეულ ქმედებებს არ გაატარებს, როგორიც იყო სუბსიდირების პროგრამა.

“ვვარაუდობ, რომ მომავალ თვეში შესაძლებელია, ფასები შეიცვალოს, მაგრამ შესაძლებელია, არ შეიცვალოს, სახელმწიფო თუ რაღაც ქმედებებს გაატარებს. მაგალითად, გახსოვთ, რომ იყო სუბსიდირება. ასეთი პროგრამა კვლავ თუ აამოქმედეს, მაშინ არ გაიზრდება; თუ არ ამოქმედდება, სავარაუდოდ შეიძლება 10 თეთრით გაიზარდოს. ოქტომბრამდე ფასები სავარაუდოდ არ შეიცვლება“, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.