4 ოქტომბრიდან სკოლებთან ერთად, სწავლა რეალურ გარემოში განახლდება საბავშვო ბაღებში. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
მთავრობის წარმომადგენლები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ მშობლების ვაქცინაციაზე. განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ მშობლების აცრა აუცილებელია, რათა საკლასო ოთახებში სწავლა შენარჩუნდეს.
„ჩვენს ბავშვებს რომ ჰქონდეთ საშუალება, გააგრძელონ სწავლა ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში, ჯანსაღი გარემო უნდა იყოს არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ოჯახებში, თავიანთ სახლებში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, უმორჩილესად ვთხოვ ჩვენი შვილების, ჩვენი ბავშვების მშობლებს, რომ აიცრან, რათა ჩვენს ბავშვებს ეს საშუალება ჰქონდეთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
“ჩვენ დღეს მცირე ასაკის ბავშვებში ბუნებრივია ვაქცინაციაზე ვერ ვისაუბრებთ, ამდენად ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ბავშვისთვის არის მისი გარემოცვის ვაქცინაცია. ასე რომ მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნა, რომ აიცრან თუკი ჯერ ეს არ გაუკეთებიათ, რადგან ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ სასკოლო გარემოში თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება და სკოლა რომელიც გაიხსნება, დარჩეს გახსნილი სტაბილურად მთელი სასწავლო წლის განმავლობაში“, – თქვა თამარ გაბუნიამ.