საქსტატი: COVID-19-ზე აცრის წინააღმდეგთა 37,5% მიზეზად უშვილობას ან სიკვდილს ასახელებს

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას რესპონდენტების 28.8 პროცენტი გაიკეთებდა, 10.4 პროცენტის აზრით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ ვაქცინა, რესპონდენტების 31.4 პროცენტისათვის – თითქმის გამორიცხულია, ხოლო 29.5 პროცენტს არ გადაუწყვეტია მისი გაკეთება.

 

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე თავის შეკავების ან სურვილის არ ქონის ძირითად მიზეზებად რესპონდენტების მიერ სახელდება: ვაქცინის გვერდითი მოვლენები (58.1%), სიკვდილის ან უნაყოფობის საფრთხე (37.5%), გარემოება, რომ ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი (36.5%), ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობა (17.9%), ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არსებული პრობლემები (8.5%), COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი (7.5%), ალერგია ზოგიერთ მედიკამენტზე (6.1%)  და სხვა.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად ვაქცინებს ენდობა რესპონდენტების 57.7 პროცენტი.

საქსტატის ცნობით, გამოკვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განსაზღვრულია 1 996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 965 ერთეულით, ხოლო სოფლად 1 031 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით.

გამოკვლევის მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული პირველი და მეორე ტალღის კითხვარების ადაპტაცია, ტესტირება, საველე პერსონალის ტრენინგები და ჩატარდა საპილოტე გამოკვლევები. გამოკვლევის მეორე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის თებერვალი- მარტის პერიოდში.

გამოპასუხების დონემ შეადგინა 87.1 პროცენტი, მათ შორის ქალაქის ტიპის დასახლებებში – 87.6 პროცენტი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 86.6 პროცენტი.