არჩევნები 2021- ქვემო ქართლში რამდენიმე ინციდენტი მოხდა

ქვემო ქართლის რეგიონში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. მარნეულში ხმაური იყო 48-ე საარჩევნო უბანზე. როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, ისინი ე.წ კარუსელს უშლიდნენ ხელს. დაპირისპირების დროს დაშავდა ოპოზიციის წევრი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. გამოძიება საარჩევნო პროცესის ხელისშეშლის მუხლით დაიწყო.

მარნეულში მომხდარ კიდევ ერთ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც საზოგადოებას საარჩევნო პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

“ამჟამად არის მარნეულში ინციდენტი, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ხელმძღვანელი პროვოკაციულად მიეჭრა ზაურ დარგალს და იქ არის ინციდენტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მალე ამოიწურება.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დმანისის მუნიციპალიტეტში, საარჩევნო პროცესში დარღვევებზე წერს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება -ISFED”.

ორგანიზაციის ინფორმაციით, N24 დმანისის საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრების გამოსავლენად ჩატარებული წილისყრა დარღვევით წარიმართა. მათივე ცნობით,  გადაკეცილ ფურცლებზე, სადაც მითითებული იყო ფუნქცია-მოვალეობები, არ ერტყა კომისიის ბეჭედი.

“მითითების მიუხედავად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული დარღვევა არ აღმოფხვრა”- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პროცესში სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა,  მარნეულის კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით ტყუილი ინფორმაცია გავრცელდა.

„ტყუილია, თითქოსდა მარნეულის 67-ე უბანზე ირღვევა ფარულობის პრინციპი და ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ყველა ამომრჩეველს კაბინაში მიყვება და ამოწმებს მათ შემოხაზულ ბიულეტენებს“, – აღნიშნა იოსელიანმა.