მარნეულში ენმ-ს საარჩევნო შტაბის წევრს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ მარნეულში „ნაცინალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წევრს, ლაშა ქველაძეს ბრალი წარუდგინა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ლაშა ქველაძემ დაპირისპირებისას ერთ-ერთ პირს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. ის სამართალდამცავებმა 3 ოქტომბერს დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, საღებავის გამოყენებით წარწერების გაკეთებისთვის მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ქ.-მ პოლიტიკური მოტივით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა რ.ი.-ს.

პროკურატურამ ლ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.