რუსთავის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, XVIII და XXI მიკრორაიონებში, თერთმეტ სართულიანი, მრავალბინიანი, საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.
როგორც მომხსენებელმა, მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა პაპუაშვილმა განაცხადა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, შ.პ.ს. „რუსთავი დეველოპმენტ გრუპისგან“ შევიდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია, რომელიც გადაეგზავნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ინვესტორს თანხმობა მიეცა.
„ტერიტორიაზე ავარიული კორპუსი იყო განთავსებული, რომლის დემონტაჟს მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. გასულ წელს, „რუსთავი დეველოპმენტ გრუპმა“ განახორციელა შენობის დემონტაჟი და წარმოადგინა ტერიტორიის განაშენიანების გეგმა. შედეგად მივიღეთ, ლამაზი საცხოვრებელი სივრცე, სპორტული, საბავშვო მოედნებით, კეთილმოწყობილი შიდა ეზოთი და თავისი მიწისქვეშა ავტოპარკინგით.“- განმარტა სხდომაზე ეკა პაპუაშვილმა.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით თანხმობა მიეცა პოლიეთილენის ბოთლების გადამამუშავებელ საწარმოს „პოლოვიმ“- ს პირობით გამოცხადებულ აუქციონში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხს.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დამტკიცდა ტყე-ჭალის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 22496,3 კვ.მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის ნუსხა.
წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე დეპუტატებმა ჯამში შვიდ საკითხს უყარეს კენჭი და ყველა მათგანი დადებითად გადაწყვიტეს.