2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 2 886-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე გასულმა მასწავლებლებმა 1 კრედიტიც კი ვერ მოიპოვეს. ზაფხულის გამოცდების შედეგები დღეს, 22 ოქტომბერს, გახდა ცნობილი.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულში მასწავლებლები ორ გამოცდას აბარებდნენ – საგნის გამოცდას და პროფესიულ უნარებს.
პრაქტიკოსთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო:
საგნის გამოცდაზე – 7327 მასწავლებელი.
უნარის გამოცდაზე – 5912 მასწავლებელი.
ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდაზე გამოცხადდა 5 340 მასწავლებელი, აქედან ბარიერი ვერ გადალახა ნახევარზე მეტმა – 2886-მა მასწავლებელმა.
უნარის გამოცდაზე გამოცხადდა 4 137 მასწავლებელი და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა (ვერ მოიპოვა 1 კრედიტი) ასევე ნახევარზე მეტმა – 2 365-მა მასწავლებელმა.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემით სტატუსი „პრაქტიკოსი მასწავლებელი“ გაუქმებულია, თუმცა ნაწილი მაინც ვერ ახერხებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას. ასეთი პედაგოგები სკოლაში უსტატუსოდ აგრძელებენ მუშაობას.
უსტატუსო მასწავლებლის სამუშაოდან გაშვების უფლება მხოლოდ სკოლის დირექტორს აქვს.









