მარათონი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს დიდ დასახლებულ პუნქტებში გეგმავს, ქვემო ქართლშიც ჩატარდება. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე მარათონში ქვემო ქართლიდან ის დიდი სოფლები ჩაერთვება, სადაც 3 000-ზე მეტი მოსახლეა.
დღეს მარათონთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმაც ისაუბრა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის გასააქტიურებლად მარათონი ქვეყნის მასშტაბით 49 სოფელში ჩატარდება, სადაც ჯამში 168 000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 112 000-მდე მოზრდილია. NCDC აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის 50%-ის ვაქცინაციას გეგმავს.
მისივე თქმით, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული.
“გვინდა, ორშაბათიდან მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების საშუალებით გავააქტიუროთ აცრები. გვინდა, რომ მოტივაცია გაჩნდეს აცრებზე, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იყო რამდენიმე საკითხი. სანამ გადაწყვეტილება არ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით ამ საკითხებზე. სოფლის მოსახლეობაზე განიხილება სპეციფიური წამახალისებელი ღონისძიებები, რაც სასოფლო – სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული და არამონეტარულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა. ჩვენი მასალის საფუძველზე გაანალიზებულია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერადად აცრილებში 9-ჯერ ნაკლები გვაქვს, ვიდრე არავაქცინირებულებში“, – აღნიშნავს გამყრელიძე.