ვაქცინაციის მარათონი რეგიონებში- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სოფლებში უნდობლობა ნელ-ნელა ქრება. მისივე თქმით, მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შიში აქვს, მაგრამ მარათონის ფარგლებში, დამატებით 1 200 ადამიანი უკვე აიცრა.
„არასწორი ინტერპრეტაციებია, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია, მარტივად გადავიტანთ, მერე რა მოხდა და ა.შ. ასევე გალღვა ყინული სოფლის ექიმებში, მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ გაიარეს გადამზადება. მაინც ეშინოდათ ვაქცინის და ეს თანდათან ამ მობილური ბრიგადების ჩარევის ფონზე უმჯობესდება. ბევრი არა, 1200 ადამიანი დამატებით აიცრა მარათონის ფარგლებში. მომავალ კვირაში სამცხე ჯავახეთი და დასავლეთ საქართველო აქტიურდება უფრო მეტად. ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, რომ ამ მარათონით, სოფლის მოსახლეობაში უფრო მეტი აქტივობა გვექნება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ვერ გადაწყვეტს აცრების პრობლემას“,- განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ის მომხრეა, აცრების გასააქტიურებლად შემოღებული იყოს სხვადასხვა შემზღუდველი, ასევე წამახალისებელი ღონისძიებები.
„სოფლებში რომ დავდივართ გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, NCDC-ის ინიციატივით, ვაქცინაციის მარათონი მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონშიც. გასულ კვირას მარათონში გარდაბნის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაერთვნენ.