ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და 687 კლასი გადავიდა[ვიდეო]

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. უწყების ცნობით, კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.

ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. 

რაც შეეხება ქალაქის სკოლებში არსებულ ვითარებას, რუსთავის რესურსცენტრის მონაცემების თანახმად, ვირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, 21 სკოლის 50 კლასი სწავლას დისტანციური მოდელით აგრძელებს. ონლაინ სწავლებაზე რესურსცენტრს განაცხადით მიმართა 500 ბავშვის მშობელმაც. 

 

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს.

უწყეების ცნობით, სკოლებში გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.

სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.