„ქურდული სამყაროს“ წევრობის და საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 3 პირი დააკავეს [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისა და სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში სამი პირი დააკავეს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები.

“კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დ.ქ., საკუთარი და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების სახელითა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული გარჩევის“ გზით, დაშინებითა და მუქარით ცდილობდა პირადი, ასევე, „ქურდული სამყაროსთვის“ მატერიალური სარგებლის მიღებას. იგი გ.ლ.-ის, და ი.კ.-ის, ასევე 1997 წელს დაბადებული რ.მ.-ის დახმარებით დაუკავშირდა ბათუმში მყოფ ბიზნესმენს – 1977 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებით და ქონების განადგურებით დაემუქრა.”-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. .

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-3 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.