დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. გამყრელიძის თქმით, ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ასცდა, რეპროდუქციის ინდექსი კი 1.43-მდეა ასული.
რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რიცხვი ჩემცირდა, მაგრამ მაინც მაღალია.
„ინციდენტობის მაჩვენებელი დღეს 10%-ს ასცდა, თუმცა ბოლო 1 კვირის და ბოლო 2 კვირის არის ისევ დაახლოებით, 6%-დან 7%-ის ფარგლებში. საყურადღებოა, რომ მოიმატა და 1,43-მდეა ასული რეპროდუქციის ინდექსი. სიკვდილიანობა მოდის ქვემოთ, დღეს გარდაცვალების 37 შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ბოლო ერთი კვირის საშუალო მაჩვენებელი ჩამოსცილდა უკვე ჩვენთვის დაწესებულ შიდა ზღურბლს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. სამწუხაროდ, იცით, რომ მოყოლებული 18 სექტემბრიდან და განსაკუთრებით ოქტომბერში, მცირდება ყოველდღიურ აცრათა მაჩვენებელი. ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 7 ათასის ფარგლებში, რაც ძალიან ცუდია. თუ ვერ ავწიეთ აცრის მაჩვენებელი, მაშინ, რა თქმა უნდა, უფრო რთული იქნება მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის. ახლა ბევრ რამეს ვცდილობთ, მათ შორის, იქით კვირიდან ამ მარათონის პრინციპით დაიწყება, დაახლოებით 49 დიდ სოფელში აცრების მეტი ინტესიფიცირება,“- განაცხადა გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს 37 პაციენტი ემსხვერპლა, გამოვლინდა 4775 ახალი შემთხვევა.