2022 წლის იანვრიდან ის საწარმოები, რომლებიც გარემოსდაცვით ნორმებს ვერ დააკმაყოფილებენ, შესაძლოა, დაიხუროს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს რუსთავში, ნინო ლაცაბიძის ინციატივით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გადაწყვეტილება არის მკაფიო და ახალი წლიდან, გარემოს დამაბინძურებელი საწარმოები უკიდურესი ზომების წინაშე აღმოჩნდებიან და შესაძლოა, სამინისტრო დახურვის გზითაც წავიდეს.
“არის ძალიან მკაფიო ჩემი გადაწყვეტილება, წლის ბოლოდან, 2022 წლის იანვრიდან, ეს იქნება გარკვეული ზომიერი ვადა, რომ საწარმოები, რომლებიც არ იქნებიან ნორმებთან შესაბამისობაში უკიდურესი ზომების წინაშე აღმოჩნდებიან. მესმის, რომ ეს შეიძლება ძალიან მძიმე იყოს და ადამიანების სამუშაო ადგილებს უკავშირდება და მე არაეთხელ გამიჟღერებია ბიზნესთან და ასოციაციებთან და შეიძლება დახურვის გზითაც წავიდეთ ამ საწარმოების და ეს იქნებოდა სწორი ვადა.”- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
რუსთავის ჭალის ტყეში ნინო ლაცაბიძის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო რუსთავის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ პროექტებს.