ბათუმში, მეხანძრე-მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამ ეტაპზე ამოყვანილია კიდევ ორი პირი, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში, ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა. ასევე ნანგრევებიდან ამოყვანილია 5 ცხედარი.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ. მინისტრის თქმით, შემთხვევის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების რიტმი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახშირდეს, რაც დარჩენილ სამ ადამიანს იპოვიან.
გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი გაიზარდოს.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.