“მე დღეს ხმა მივეცი ჩვენი ქალაქის ახალ შესაძლებლობებს, განვითარებას, სიმშვიდეს და უკეთეს მომავალს ჩემი შვილებისთვის.”– ამის შესახებ რუსთავის მერობის კანდიდატმა, “ქართული ოცნებიდან”, ნინო ლაცაბიძემ საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც ხმის მისაცემად მივიდა.
მისი განცხადებით, “ქართული ოცნება” რუსთავში მაქსიმალურად ცდილობდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდი ყოფილიყო.
“მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ საარჩევნო კამპანია ყოფილიყო მაქსიმალურად მშვიდი, საქმეზე, კონკრეტულ გეგმებსა და ხედვებზე ორიენტირებული. იმაზე, თუ როგორც აპირებს ჩვენი გუნდი ქალაქის განვითარებას, მომდევნო ოთხი წლის განმვალობაში. დღესაც, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო გარემო იყოს მშვიდი და თითოეულ რუსთაველს მიეცეს საშუალება, გააკეთოს არჩევანი, მოვუწოდებ ყველა პარტიას. მესმის, რომ ოპოზიციური პარტიების დღისწესრიგი არის ის, რომ ჰქონდეთ სხვადსხვა დესტრუქციული აქტივობები. მათ არ ჰქონიათ არანაირი კამპანია, არ აქვთ ხედვა ქალაქის პერსპექტივების და განვითარების, მთელი დღე დაკავებულები არიან იმით, რა დაძაბულობა და უსიამოვნება შემოიტანონ ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში.”– განაცხადა რუსთავის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, ნინო ლაცაბიძემ.
მისივე განცხადებით, ოპოზიციას მცდელობები წინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონდა.
“მათ საარჩევნო კამპანიის პერიოდშიც ჰქონდათ მცდელობები, რომ ნეგატივი და დაძაბულობა შემოეტანათ ჩვენს ქალაქში და დემოკრატიის განვითარების პროცესისთვის ხელი შეეშალათ. დღესაც, ტელევიზიით ვადევნებ თვალს, ემზადებიან, რომ ჩამოიშალოს ქვეყანა და გაჩერდეს.
დღეს არის არჩევნები, არის მნიშვნელოვანი ყველა მუნიციპალიტეტისთვის, რომ რაც შეიშლება სწრაფად დავიწყოთ მუშაობა იმ პროექტებისთვის, რაც უნდა განხორციელდეს.”– განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.









