“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” – გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა [ვიდეო]

“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” – რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების აქტიური ჩართულობით, ქალაქში 2022 წელს ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

პროგრამას “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” რუსთავის მერია მეორე წელია ახორციელებს და მისი მიზანია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა.

ქალაქის მერიამ პროგრამა მიმდინარე წელს, აგვისტოს თვიდან დაიწყო. საწყის ეტაპზე რუსთაველებს ქალაქში სასურველი პროექტების განსახორციელებლად საკუთარი იდეები უნდა წარედგინათ. პროგრამაში მონაწილეობა 45-მა ადგილობრივმა მიიღო და რუსთავში განსახორციელებელი პროექტის  საკუთარი ინციატივა წარადგინა.

წინადადებას რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინა:

ინიციატივის განხორციელება დაგეგმილი უნდა ყოფილიყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შეთავაზებული პროექტი არ უნდა ყოფილიყო მიმდინარე ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში და თანხა არ უნდა ყოფილიყო 150 000 ლარზე მეტი. 

როგორც რუსთავის მერიაში განმარტავდნენ:

“ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;

გ) საპროექტო წინადადების გასახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს;

დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);

ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი.”

45 ინიციატივიდან კომისიამ, შემდეგ ეტაპზე გადსასავლელად, ათი პროექტი შეარჩია, რომელთა შორისაც გამარჯვებულები უკვე ონლაინ კენჭისყრის გზით გამოვლინდნენ. პროექტების შერჩევის პროცესში კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ რუსთაველს შეეძლო, რისთვისაც მხოლოდ მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე შესვლა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირება სჭირდებოდათ.

“კონკურსში ექვსი ადმინისტრაციული ერთეულია ჩართული. შევხედავთ, შეიძლება ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში თითო გაკეთდეს, შეიძლება ორი პროექტიც გავიდეს” – განაცხადა რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა შერჩევის ეტაპზე, 8 ოქტომბერს TV4-თან.

ათ პროექტს შორის იყო:

  • გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე ძველი სპორტული მოედნის განახლება- კეთილმოწყობა
  • სპორტული მოედანი შარტავას N5-ის ეზოში
  • სტადიონი მე-14 მიკრორაიონის N39 კორპუსთან
  • მრავალფუნქციური სათემო სკვერი მე-8 მიკრორაიონის N2-ის მიმდებარედ
  • საბავშვო ატრაქციონების მოწყობა ახმეტელის N6
  • უბნის სკვერი მე-12 მიკრორაიონი, N36,37,38 კორპუსების მიმდებარედ
  • კალათბურთის მოედანი მე-12 მიკრორაიონის N3, N4 კორპუსების ეზოში
  • რუსთავის ცენტრალურ პარკში შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცის მოწყობა
  • რუსთავში ფალიაშვილის N7ა-ს, N7 და მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარედ სპორტული და საბავშვო მოედნის მოწყობა
  • მინი სპორტული კომპლექსი მეგობრობის მე-2 გასასვლელის N3-ის სამეზობლოსთვის.

ონლაინ კენჭისყრა თითქმის 1 თვის განმავლობაში, 5 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდა. რუსთაველების ჩართულობით, ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი შეირჩა.

როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, კენჭისყრაში მონაწილეობა 1 425 ადამიანმა მიიღო.

შედეგად, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, რუსთავში, მომავალ წელს, გურამიშვილის ქუჩაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე აშენდება, ფალიაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების მიმდებარედ კი სპორტული და საბავშვო მოედანი მოეწყობა. მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება თანხები ასევე, მე-14 მიკრორაიონში სტადიონის და მე-8 მიკრორაიონში მრავალფუნქციური სათემო სკვერის მშენებლობაზე.

თითოეული გამარჯვებული პროექტისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ,  მომდევნო,  2022  წლის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოყო.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის 1 500 000 ლარი განისაზღვრა. როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, მიმდინარე წელს ჩართულობა დაბალი იყო და 10-ის ნაცვლად, 4 პროექტის განხორციელება დაიგეგმა. გამარჯვებული პროექტების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი გამოიყო, დარჩენილი თანხა კი, როგორც ლევან კავთიაშვილი განმარტავს, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება.

“10 წინადადებიდან შემოვიდა 1 425 ხმა, ეს ხმები გადანაწილდა ამ პროექტებზე, თუმცა სამუშაო ჯგუფის შემდეგ მოხდა განხილვა, სამუშაო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ 10 ინიციატივიდან განხორციელების ეტაპზე 4 გადასულიყო. ამ პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა თითო  მუნიციპალიტეტზე 150 000 ლარს, ჯამში კი პროექტის ბიუჯეტი 1 500 000 ლარი იყო. ამ მილიონ ნახევარი ლარიდან, ამ  შემთხვევაში, 600 000 ლარი გამოიყოფა ამ პროექტების დასაფინანსებლად, დანარჩენი თანხა გადავიდა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის, უკვე 2022 წლის ბიუჯეტში” – აღნიშნა რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა.

პროექტი “დაგეგმე შენი ბიუჯეტი”  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა რუსთავის მუნიციპალიტეტში გასულ წლებშიც განახორციელა.სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მიზანია, გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და გაუმჯობესდეს რუსთავის მერიის საქმიანობის ეფექტურობა.

სტატიის ავტორი: გვანცა სანაია