ახალი პროგრამა – რუსთავის მერია ძალადობის მსხვერპლ ბავშვიან პირებს დაეხმარება

რუსთავის მერიის ახალი პროგრამა – 2022 წლიდან მუნიციპალიტეტში “ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა” ამოქმედდება.

ძალადობის მსხვერპლ პირებს, რომლებსაც ბავშვი ჰყავთ და დროებით თავშესაფარში აღმოჩნდებიან ან სხვა შეიფარებს, მუნიციპალიტეტის მერია დახმარებას გაუწევს. კერძოდ, მერია მათ ერთჯერადად 1000 ლარით დაეხმარება.

როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, პროგრამა პირველ ეტაპზე 10 ბენეფიციარზეა გათვლილი.  მთავარი პირობაა, რომ პირს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი ჰქონდეს,  უნდა იყოს რუსთავში რეგისტრირებული და  ჰყავდეს შვილი.

შეგახსენებთ, ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი დღეს დამტკიცდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი 81 200 000 ლარით განისაზღვრა. ცნობისთვის, ქალაქის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და პროტესტის ნიშნად, დეპუტატებმა სხდომა დატოვეს.