რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს[ვიდეო]

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს ევტიხ ხაჩიძე უხელმძღვანელებს.

როგორც რუსთავის მერიაში გამართული ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური, მუნიციპალურ ინსპექციად ჩამოყალიბდება.

 

“ახალი წლიდან, ზედამხედველობას, რომელიც მუნიციპალურ ინსპექციად ჩამოყალიბდება, დაემატება ახალი საშტატო ფუნქციები, ვგეგმავთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებას, ახალი ფორმების, სამხრე კამერებისა და ავტომანქანების შეძენას. მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს სწორედ ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სამშენებლო პროცედურებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ჩვენ გავამკაცრებთ მიდგომებს, მშენებლობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს კანონის დაცვით, ისე, რომ არც გარემოს და არც იქ დასაქმებულ ადამიანებს, საფრთხე არ ექმნებოდეთ“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, სამსახურს გაძლიერების მიზნით,  ფუნქციები გაეზრდება. იგეგმება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მობილიზებაც.

დღესვე, ზედამხედველობის სამსახურს დაევალა იმ სამშენებლო კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაცია, სადაც მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.