შსს-მ ხუთ კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“ და ორი კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ორი კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღო, დაკავებულია 12 პირი.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ცხრა პირი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი, ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

“ჩამოთვლილი პირების გარდა, ნარკოდანაშაულისთვის 2000 წელს დაბადებული გ.ქ. – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ხოლო 1980 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1986 წელს დაბადებული მ.გ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობა.

„სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში ხუთ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ორი კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღეს.

2021 წლის 21 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. მისი კუთვნილი ბარგის შემოწმების შედეგად სამგზავრო ჩანთაში მოწყობილ სამალავში 2 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინია“ იქნა აღმოჩენილი. ბრალდებული ტრანზიტული გადაზიდვის გზით ცდილობდა ნარკოტიკის საქართველოში შემოტანას.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა, 15 დეკემბერს, თბილისში დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 1 კილო და 600 გრამი „ჰეროინი“ ამოიღეს. ხოლო, 16 დეკემბერს, ლაგოდეხში, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ორი კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინია“ ამოღებული”, – აცხადებენ შსს-ში.

შსს ასევე ავრცელებს 2021 წელს საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს:

მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი.

ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ოთხი კილოგრამი „კოკაინი“, ხუთი ათასი აბი „სუბუტექსი“, სამი კილოგრამი „ალფა-პვპ“, 26 კილოგრამი „ბიო“ და სხვა სახის ნარკოტიკები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხითაც იმუშავა.

მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ.

ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად განისაზღვრა 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაქსიმალურ ზღვარად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა დადგინდა.

საკანონმდებლო ცვლილებები აგრეთვე შეეხო ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღებას და იგი გაიმიჯნა აღნიშნული ნივთიერების უკანონო დამზადებისგან და შეძენისა – შენახვისგან“, – აცხადებენ შსს-ში.