9 თვეში საქართველოში 13 ქალი მოკლეს

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველმა საგანგებო განცხადებით შეაჯამა 2021 წელს ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა საქართველოში.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში კვლავ საგანგაშოა ფემიციდის სტატისტიკა. 2021 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი – სექტემბერი) საქართველოში 13 ქალი მოკლეს, საიდანაც 5 შემთხვევაში ოჯახში დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ხოლო 8 შემთხვევაში – სხვა მოტივი.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს ასევე დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგანაც ოჯახში დანაშაულის ნიშნით 11 ფაქტი იყო ჩადენილი.

„ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით პრობლემად რჩება ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარება, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესება და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობების შექმნა,“ – ამბობს ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა, ახალი კორონავირუსის პანდემიამ კი დამატებითი პრობლემები შეუქმნა შშმ პირებს.

„მათ შორის, როგორც სამედიცინო დაწესებულებებსა და სერვისებზე წვდომის, ისე სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულის კუთხით. გაუარესდა ამ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმების პერსპექტივა. მათი ნაწილი კვლავ დარჩა პანდემიის საპასუხოდ შემუშავებული სახელმწიფოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიღმა,“ – ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველმა დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, წარმოადგინა აღნიშნული მონაცემები.

სახალხო დამცველის ანგარიში ვრცლად ნახეთ ლინქზე.