2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ მთავრობას საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ფისკალური პარამეტრები.
„სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები, კერძოდ: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე; ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის მთავარი გზავნილი მოსახლეობის თანადგომა იქნება.
მისი თქმით, რაც შეიძლება მეტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას.
„ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. მე მინდა ვთქვა, რომ გასულ წელს ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, მათ შორის იყო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება, ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ამიტომ ყველას გილოცავთ ამ წარმატებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ წელს გვაქვს სრული მზაობა იმისა, რომ კიდევ უფრო წარმატებული წელი გვქონდეს, ამისთვის ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა, მეტი შემართებით, მეტი მობილიზებით და რაც შეიძლება მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, თანადგომას. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ სერვისებზე წვდომა, უნდა გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ სახელმწიფო სერვისები, ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება და საქმიანობა, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას – ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილი,“- განაცხადა პრემიერმა.