გადავადდება თუ არა სასწავლო პროცესი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სკოლებში სწავლის გადადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სწავლის გადადების რეკომენდაციას არ იძლევა.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, თუ სწავლის გადადების საჭიროება დადგება, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ჯერჯერობით არ იძლევა. ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც იყო დაგეგმილი. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა 17 იანვარს უნდა განახლდეს. სკოლების მსგავსად, 17 იანვრიდან მუშაობას განაახლებენ ბაღებიც.