„ადგილობრივი ბიზნესის თავს კარგად უნდა გრძნობდეს, თუმცა პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მეხორბლეების განცხადებას.
კერძო სექტორი თანაბარ პირობებში ოპერირებას ითხოვს.მათი თქმით, ხორბლის იმპორტის შემცირების ფონზე, იზრდება ფქვილის იმპორტი, ადგილობრივ წარმოებას კი აზრი ეკარგება.
შექმილი სიტუაციის გამო ქვეყანაში 10-ზე მეტი წისქვილკომბინატი უკვე დაიხურა, ნაწილი კი მთლიანად იმპორტზე გადაეწყო. გამოსავლის გზებზე სამსჯელოდ კერძო სექტორი საქართველოს მთავრობის მეთაურისთან და ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან შეხვედრას ითხოვს.
„ჩემი ინფორმაციით ამ თემაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს და ჩვენც რა საკვირველია ჩავერთვებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბიზნესი თავს კარგად გრძნობდეს და არ ჰქონდეს პრობლემები. ამაზე ერთობლივად ვიმუშავებთ, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ სენსიტიურ სფეროში, როგორიც ხორბალი და ფქვილია, ანუ პურს რაც შეეხება, ყველაფერი გაკეთდეს, რათა მისი ღირებულება არ გაიზარდოს, ამ ორ მოცემულობას შორის სწორი ბალანსი როგორ უნდა მოვნახოთ, ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივად ვიმუშავებთ, მზად ვართ“, – განაცხადა თურნავამ.