შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს.
„დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელა ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის”, „ჰეროინის“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკისას, ასევე, სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, ნივთმტკიცებად
ამოიღეს: „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, 6 ამპულა „მორფინი“, 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, 5 ცალი კონტეინერი მასში მოთავსებული მეტადონის სითხით, ნარკოტიკული საშუალება “ლიზერგიდის” (LSD) შემცველი 300 ფირფიტა, 5 კილოგრამამდე “მარიხუანა”, ნარკოტიკული საშუალება “ამფეტამინი”, ასევე, 35 გრამი ნარკოტიკულ საშუალება “პსილოცინის” შემცველი სოკო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების “ა” ქვეპუნქტით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.