დაუჭერს თუ არა მხარს საკრებულოს ოპოზიცია წარდგენილ პროექტებს

რუსთავის მერიამ ქალაქში განსახორციელებელი პროექტებისთვის, საკრებულოს ბიუჯეტის 7 მილიონი ლარით გაზრდის მოთხოვნით მიმართა,  გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა ინფრასრტუქტურულ პროექტზე უნდა გადანაწილდეს – დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია საკრებულოში ბიუჯეტს და პროექტების დამტკიცებას,  ეს ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე გახდება ცნობილი.

ქალაქის  საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან აცხადებენ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ყველა იმ საკითხს, რაც რუსთაველი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

“ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის მოსახლეობისთვის მხარდაჭერილი იქნება საკრებულოში. ასევე, ის დაპირებები რაც ჩვენ გვქონდა,  ეს არის ქონების დამტკიცების და მიწების გადაცემის შესახებ, ეს საკითხები მხარდაჭერილი იქნება და უშუალოდ საკრებულოს ჩართულობით, მოხდება ამის გავლა. ის პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს ქალაქში იქნება საკრებულოს მეთვალყურეობის  და მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტი ქალაქის უნდა გაიზარდოს, მაგრამ ეს ბიუჯეტი უნდა დაიხარჯოს მოსახლეობის საჭიროებებზე. “- განაცხადა საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ალექსანდრე ბერიძემ.

“ჩვენ ყველა შემთხვევაში ბიუჯეტს განვიხილავთ და მხარს დავუჭერთ. ეს ბიუჯეტის ცვლილებები გავლილი გვაქვს და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ, ოღონდ პრობლემა არის ბიუროს დაკომპლექტებაზე. იმისთვის  რომ ქმედითუნარიანი გახდეს საკრებულო, აუციებელია ის შეთავაზება რაც გავუკეთეთ “ქართულ ოცნებას” მიიღონ,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის თანამდებობაზე წარადგინონ კანდიდატურა.  თუ “ქართული ოცნების” მხრიდან წარმოდგენილი იქნება კანიდდატურა, ჩვენ მხარს დავუჭერთ და ამით კრიზისი დასრულდება” – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზიამ.