დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სპეციალისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუ კორონავირუსის ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, ის არ უნდა იყოს ისეთივე მძიმე მიმდინარეობის, როგორიც “დელტა” ვარიანტი იყო.
„სპეციალისტები მაინც ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება, ძირითადად „ომიკრონის“ ჰიბრიდის, მაგრამ უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ თუ ახალი, იგივე ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორიც იყო „დელტა“, ანუ თანდათან ვირუსის აგრესიულობა უნდა შემცირდეს. ხაზს ვუსვამ, რომ პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ის ხელმძღვანელმა ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვნადაა შემცირებული ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა.
გამყრელიძის თქმით, ახლა მთავარი მოწოდება კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერ დოზების გაკეთებაა.
„დღეს დილის მონაცემებით გვაქვს 600 შემთხვევა. ჰოსპიტალიზაცია რადიკალურად არის შემცირებული. მოგეხსენებათ, მთელ რიგ ქვეყნებში ისევ „აწია კუდი“ პანდემიამ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, აშშ-ში ელოდებიან, რომ იქნება ზე სვლა, მაგრამ სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, იქ არ იმატებს სიკვდილიანობა და არ იმატებს ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ მთავარი მოწოდება რჩება აცრები და ბუსტერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.