საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, სსიპ – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წლიური ბიუჯეტი, რომელიც აქამდე 26 000 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის მარტიდან, 408 462 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
“დმანისის თეატრს, რომელსაც წლების განმავლობაში მწირი დაფინანსება ჰქონდა, დღემდე საშტატო განრიგით სულ სამი თანამშრომელი ჰყავდა – სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და ფინანსისტი. მიმდინარე წლიდან კი, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი საშტატო განრიგით თეატრს ეყოლება 24 თანამშრომელი, მათ შორის 8 მსახიობი, ასევე გამნათებელი, ხმის რეჟისორი, ტექნიკური რეჟისორი, რეკვიზიტორი, კოსტუმერი, სცენის მემანქანე, მხატვარი, სადადგმო ნაწილის გამგე და ა.შ. შესაბამისად, თეატრს ეყოლება ყველა იმ პროფესიის ადამიანი, რაც საჭიროა მისი ეფექტიანად ფუნქციონირებისა და შემოქმედებითი პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის.
ბიუჯეტის ზრდაც დიდწილად, სწორედ სახელფასო ფონდზე აისახა, რათა თეატრში დასაქმებულ ადამიანებს სათანადო პირობებში მუშაობის საშუალება ჰქონდეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 თებერვალს დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი სიხარულიძე დაინიშნა და სწორედ მასთან თანამშრომლობით, სამინისტროს დაწყებული აქვს მუშაობა თეატრის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრაზე.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 7 თებერვალს შედგა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ვიზიტი დმანისის თეატრში და სწორედ ამ ვიზიტის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება თეატრის ბიუჯეტის და საშტატო განრიგის გაზრდის შესახებ, ვინაიდან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დმანისის თეატრი პრაქტიკულად მხოლოდ ფურცელზე არსებობდა – მას არ აქვს საკუთარი შენობა და არ ჰყავს მსახიობები. ამავე ვიზიტის დროს დმანისის მუნიციპალიტეტთან შედგა შეთანხმება, რომ კულტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, დაიწყებს მუშაობას დმანისის თეატრის განვითარებაზე. ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია დმანისის თეატრის ბიუჯეტისა და მასში დასაქმებულ პირთა რაოდენობის გაზრდა. ასევე, ეტაპობრივად, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, მოხდება თეატრის წინაშე მდგარი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.”- ნათქვამია ინფორმაციაში.